ლევან კობიაშვილი - მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთსა და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო
ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების წევრებსა და გულშემატკივრებს მიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 12 ნოემბრის შეხვედრას „ჯვაროსნები“ მოიგებენ და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ
„ერთი დღე დარჩა ისტორიულ შეხვედრამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ, თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.
ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენ ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და თანამშრომლებს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბსა და პირადად ვლადიმირ ვაისს.
მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენ ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს, სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ ვერცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს, ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის – ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ.
ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა, ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი, სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება. ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთსა და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო. წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!
ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ შეხვედრამდე საათები დარჩა – 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება და მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ“.