ლევან კობიაშვილი: ამ მემორანდუმით გაეროსთან თანამშრომლობა გაღრმავდება
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სამმა მხარემ მოაწერა – სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დირექტორმა, კარლ კულესამ.
პარტნიორობის მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევა და გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციაა. საამისოდ, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარდება, სადაც მსმენელები UNFPA-ს მიერ დანერგილ და აპრობირებულ მეთოდოლოგიას გაეცნობიან.
“ფეხბურთი სოციალური მოვლენაა და მას საზოგადოებისთვის ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია. გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა აქამდეც გვქონდა ახლა ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. მემორანდუმი უნიკალური შესაძლებლობაა, რომ მიზანს ერთობლივი ძალებით მივაღწიოთ. მადლობა თბილისის “ლოკომოტივს”, რომელიც ამ საკითხში აქტიურადაა ჩართული – მინდა, რომ გამოვლენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის მის ხელძღვანელობას მადლობა გადავუხადო“ – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.