ლევან კობიაშვილი ლიდერების მატჩს გამოეხმაურა - სტადიონზე ასეთი ატმოსფერო ჩემპიონატს ყველაზე მეტად სჭირდება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი ლიდერების მატჩს გამოეხმაურა - სტადიონზე ასეთი ატმოსფერო ჩემპიონატს ყველაზე მეტად სჭირდება #1TVSPORT

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გამართულ „დინამო თბილისისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩს გამოეხმაურა, რომელსაც 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

„განვლილი ტურების მანძილზე, ჩვენი ჩემპიონატის მატჩებმა სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო მთელი ლიგის მასშტაბით სტადიონზე მოსულ თითოეულ ქომაგს, მსგავსი ატმოსფერო და დამოკიდებულება არის ის, რაც დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ თქვენი მხარდაჭერა ქმნის იმ დაუვიწყარ საფეხბურთო სანახაობას, რაც ასე ძალიან გვსიამოვნებს“, – წერს ლევან კობიაშვილი.

 

ამავე დროს, სფფ-ის პრეზიდენტმა გულშემატკივრებს სტადიონზე წესების დაცვისკენ მოუწოდა:

„თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მისულ ადამიანებს. დაიცვას წესრიგი და გაუფრთხილდეს ერთმანეთის უსაფრთხოებას. ნუ გადავუსვამთ ხაზს ყველაფერ იმ კარგს, რაც ასე ძალიან უხდება ქართულ სტადიონებს და ზოგადად ჩვენს ჩემპიონატს. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ ქალაქში, საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან ამხნევებდა“.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩზე თბილისში ბოლო წლებში ეროვნული ლიგის დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა, ხოლო ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერების მატჩს უცხოეთში, უკრაინულად „სეტანტა სპორტ – უკრაინა“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.