ლევან კობიაშვილი - კონტრაქტი ადასტურებს, ვაისისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი ნაკრების სჯერა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივების დეტალებზე ილაპარაკა.
„ორივე მხარე ცდილობს, რომ მისთვის სასარგებლო ხელშეკრულების გააფორმოს. ეს კონტრაქტი ადასტურებს, ვაისისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ხელშეკრულება, ჩვენი ნაკრების და მისი წარმატების რამდენად სჯერა. გვიხარია, რომ ის ჩვენთან არის და იმ გზას, რომელიც წლების წინ დავიწყეთ, ბოლომდე ღირსეულად მივიყვანთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.
სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, სლოვაკ სპეციალისთან შეთანხმება იოლი არ ყოფილა:
„ვერ ვიტყვი, რომ შეთანხმება იოლი იყო, რადგან მარტის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტი აღარ გვქონდა და ჩვენი მწვრთნელი აღარ იყო. მასთან ახალი ხელშეკრულება 1 ივლისიდან გაფორმდა და წლის ბოლომდეა გათვლილი. ბელარუსთან მატჩი შემოდგომაზე დაინიშნა, მაგრამ რეალობაში ზუსტი თარიღი მაინც არავინ ვიცით. გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება ჩვენთვის ამიტომაც იყო რთული. წლის ბოლომდე შეთანხმებით ორივე მხარე კმაყოფილები ვართ. ეს პლეი ოფის მატჩსა და ერთა ლიგის ახალ გათამაშებას მოიცავს. შემდეგ შევხედავთ“.