ლევან კობიაშვილი: კოკაიას მოუწევს ზესტაფონის გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ ფეხბურთში დაბრუნების სურვილი არ აქვს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2017 წელს აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთადერთი საკითხი – “ზესტაფონის“ შესაძლო რეინტეგრაცია ეროვნულ ლიგა 2-ში.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია სხდომას მათი მხრიდან არაერთი მოწვევის მიუხედავად მაინც არ დასწრებია. შესაბამისად, მსჯელობა კლუბის მომავალზე აღმასკომის სხდომაზე არ შედგა.
მომხდარზე განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა.
“დღევანდელი აღმასკომის სხდომა მთლიანად ეძღვნებოდა “ზესტაფონს“ – ეს დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იყო. სამწუხაროდ, თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია, აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება მივიღეთ. როგორც იცით, ერთი თვის წინ გამართულ ბოლო აღმასკომზე, ილია კოკაია სხდომაზე “ზესტაფონის” საკითხის განსახილველად მოვიწვიეთ. ეს კლუბსაც ეცნობა და აღმასკომი ზუსტად ამიტომ შეიკრიბა. სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მქონდა იმის განცდა და იმედი, რომ მას “ზესტაფონის” საკითხი მართლაც აღელვებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ის არ გამოცხადდა. უპირველესად, მიმაჩნია, რომ ეს უპატივცემულობაა, რადგან აღმასკომი კონკრეტულად “ზესტაფონის” თემაზე შეიკრიბა. ძალიან ვწუხვარ, უკვე მეორედ მოხდა ის, რომ ჩვენი მზაობა, ეს თემა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მათი მხრიდან უარყოფილია. საკითხი მის გარეშე ვერ განიხილებოდა, რადგან აღმასკომს თავად ილია კოკაიასთვის უნდა მოესმინა და მისი დამოკიდებულება შეეტყო. ფაქტია, რომ დღეიდან ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, “ზესტაფონის” გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას ფეხბურთში დაბრუნების არანაირი სურვილი არ აქვს” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.