ლევან კობიაშვილი - კახა კალაძის მეგობარი ვარ და გამიხარდება, თუ ოპოზიცია ამას ხშირად გაიმეორებს
ლევან კობიაშვილი - კახა კალაძის მეგობარი ვარ და გამიხარდება, თუ ოპოზიცია ამას ხშირად გაიმეორებს

ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ამბობს ოპოზიცია ან ჩემი კონკურენტი, – განაცხადა მმართველი პარტიის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა ლევან კობიაშვილმა უშუალო კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას. ოპოზიციური პარტიიდან გლდანის მაჟორიტარად დასახელებულმა ნიკა მელიამ მედიას განუცხადა, რომ „ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს“.

„ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავრია ის, რომ გუნდმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა. იცით, რომ რაიონის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ეს რაიონი არის ჩემთვის ძალიან ახლოს. ვიცნობ უამრავ ადამიანს, იქ მქონდა მხარდაჭერა და შესაბამისად, ოთხი წლის განმავლობაში თუკი ხელმეორედ გავხდი კანდიდატი, ნიშნავს იმას, რომ გუნდთან ერთად ვაკეთებ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩევლები ისევ დამიჭერენ მხარს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის კახა კალაძის მხარდაჭერით დასახელდა კანდიდატად, ლევან კობიაშვილმა აღნიშნა: „მე კალაძის მეგობარი ვარ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი და ძალიან მეამაყება, თუკი ოპოზიცია რაც შეიძლება ხშირად გაიმეორებს ამას. ვინიცობაა, ვინმემ ეს არ იცის, მე ძალიან გამიხარდება, თუ მათაც გააგებინებენ“.