ლევან კობიაშვილი - გურიაში განხორციელებული პროექტი ჩემთვის სამაგალითოა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი აკადემია გახსნა – ახალი საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარეობს.
გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. თანამედროვე სტანდარტებით აშენდა ადმინისტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააგეს, დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.
ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანთან დავით მუჯირთან, პირველი ვიცეპრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად დაესწრო. ოფიციალური სტუმრები აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღია ვარჯიშს დაესწრნენ და საცხოვრებელი შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაესაუბრნენ.
„დღევანდელი დღე არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. პროექტი დაახლოებით 2 წლის წინ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა. ჩემთვის ეს პროექტი სამაგილითოა, რადგან ის ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით შედგა. ბავშვები უკვე გუშინ შემოვიდნენ აკადემიაში. მათ ადგილზე ცხოვრებისთვის, სწავლისთვის და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ. ეს პროცესი ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს“ – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
მან ფეხბურთის ფედერაციის უახლოეს ინფრასტრუქტურულ გეგმებზეც ილაპარაკა: „რამდენიმე წელია, ფეხბურთის ფედერაციამ რეგიონებში აკადემიების მშენებლობა დაიწყო. ჩვენი აკადემიები ფუნქციონირებს რუსთავში, ლაგოდეხში და ზუგდიდში, ახლა უკვე გურიაშიც. ამას გარდა, ახალ აკადემიას სოფელ რუხსა და ქუთაისში ვაშენებთ. ჩვენი მიზანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, საფეხბურთო აკადემია ყველა რეგიონში ფუნქციონირებდეს. მადლობა ფიფა-ს და უეფა-ს, რომლებიც მსგავსი პროექტების განხორციელებაში ყოველთვის გვეხმარებიან. ადგილობრივ ხელისუფლებას კი მადლობას წარმატებული თანამშრომლობისთვის“.