ლევან კობიაშვილი - ფედერაციისა და ნაკრების ინიციატივა იყო, რომ ერთა ლიგის შემოსავალი ქველმოქმედებაში დაგვეხარჯა
საქართველოში არსებული სამი საქველმოქმედო ფონდი 300 000 ლარს მიიღებს – გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთობლივი ინიციატივაა.
ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“, „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და „სოლიდარობის ფონდი“ – ეს ის სამი ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები დაეხმარებიან.
ამ ორგანიზაციებში გადარიცხული 300 თასი ლარი ნაწილია იმ თანხისა, რომელიც ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის მიიღო. ფედერაციის ინიციატივით, თანხის ნაწილი, პრემიის სახით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.
„ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდისა“ და „ციცინათელების სახლის“ ბენეფიციარები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მოინახულეს. სტუმრებმა ფონდების ხელმძღვანელობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობისა და მეგობრობის ნიშნად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური გადასცეს.
დღესვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ლევან კობიაშვილმა და ია მაქაცარიამ 100 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დონაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს მოხმარდებათ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ ერთა ლიგის გათამაშებაზე უეფასგან მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებით განგვეკარგა. ამ მიზნით, შევარჩიეთ სამი ფონდი, რომლებიც წლებია ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის და საზოგადოების საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ის საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ალექსანდრე იაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: „ამ აქტივობის მთავარი მიზანია, რომ დავეხმაროთ იმ ბავშვებს და მოზარდებს, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდებათ. აქვე, გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე ამ ბავშვებზე ზრუნვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია აიღო და უკვე წლებია, ამ მისიას ემსახურება“.
„ფეხბურთის ფედერაციის სტუმრობა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ის გადაწყვეტილება რაც მათ მიიღეს და საკუთარი შრომით მოპოვებული თანხა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და ფედერაციის ხელმძღვანელებმა ფონდის დასახმარებლად გაიღეს, იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფონდის პროექტის ფარგლებში ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიოთეულ მათგანს, პირადად ლევან კობიაშვილს, ფედერაციას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“ – განაცხადა ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელმა, დედა თინათინმა.
ია მაქაცარია, სოლიდარობის ფონდის დირექტორი: „ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი გახდა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი ასეთ მასშტაბით ჩაერთნენ, რადგან ეს ძალიან საჭიროა ყველა იმ ბავშვისთვის, ვისაც ჩვენი ფონდი ეხმარება.“