ლევან კობიაშვილი - ფედერაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა საშუალებას მოგვცემს, ხვალ უკეთესები ვიყოთ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფა-სთან თანამშრომლობით 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შეიმუშავა.
სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.
სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა.
„ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან წარვადგინეთ სტრატეგიული გეგმა, რომელშიც ასახულია ის მიმართულებები და ზოგადად ხედვა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში უეფა-სთან ერთად შევიმუშავეთ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ჩვენი მოტივაცია და მიზანი ყოველთვის ისაა, რომ უკეთესები ვიყოთ, ვიდრე გუშინ და დღეს. ყოველთვის ვმუშაობთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
ამ გზაზე, სტრატეგიის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მონაწილის ჩართულობა. აუცილებელია, არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც ყველასთვის სახელმძღვანელო იქნება.
ეს არ არის მხოლოდ სფფ-ის დოკუმენტი – ყველა მოთამაშემ, კლუბმა, პროფესიონალებმა, მოყვარულებმა, გოგონებმა, პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რა გზა გვაქვს არჩეული და რა მიმართულებებია. ეს საშუალებას მოგვცემს, ხვალ უკეთესები ვიყოთ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.