„პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით ოც მილიონი ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტი არ დახარჯულა – ის მოზიდული ინვესტიციებით განხორციელდა” – განაცხადა რუსთავში საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე ლევან კობიაშვილმა.
ღონისძიების მასპინძელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ოფიციალურ მიმართვაში აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა – „უდიდესია ფიფასა და უეფას წვლილი, რომლებიც დღეს აქ, ჩვენთან ერთად არიან და ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას იზიარებენ. ამაყი ვარ ამ პროექტით, რომელიც ქართული პროფესიული ფეხბურთის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან სფეროს განვითარება, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ფეხბურთის ფედერაციის ხედვა, სწორედ აკადემიების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მოიცავს. აკადემია ღირებული ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტია, რომელიც სრულ საფეხბურთო კომპლექსს წარმოადგენს. აკადემიის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, ასევე ამხანაგური მატჩების გამართვა“.
მან მასობრიობის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა – „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ამ და სხვა მიმართულებებით, ქვეყანაში სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის პოპულარიზაციას ხელს ვუწყობთ. რაც დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და სასიხარულოა, რომ ამის დაკვეთა სახელმწიფოსგან მოდის. ის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იქნება ჩართული, არამხოლოდ პროფესიონალურ, არამედ მოყვარულთა ფეხბურთშიც და ქვეყანაში, თაობების უკეთესი მომავლისათვის და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.“