ლევან კობიაშვილი - ერთა ლიგა ჩვენი შანსია
ლევან კობიაშვილი - ერთა ლიგა ჩვენი შანსია

ერთა ლიგა ჩვენი შანსია, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ერთა ლიგის წილისყრაზე კომენტარისას განაცხადა.

როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საინტერესო ჯგუფი შეხვდა.

„ერთა ლიგის ფორმატი ამხანაგურ თამაშებს ჩაანაცვლებს. მიმაჩნია, რომ საინტერესო ჯგუფი შეგვხვდა, იოლი თამაშები არ იქნება, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო არა ის, ვინ შეგვხვდებოდა, არამედ ის, რომ სექტემბერში გვყავდეს გუნდი, რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მოიგებს. ვთვლით, რომ ეს ჩვენი შანსია”,- განაცხადა კობიაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განცხადებით, ახალი ტურნირი ყველა ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.

„ჩვენს ჯგუფში გამარჯვების შანსი ყველას აქვს. ბოლო შესარჩევ ციკლში არაერთხელ ვაჩვენეთ კარგი თამაში. თუმცა, მოგება ვერ შევძელით. ახლა დროა, გავიმარჯვოთ – ევროპის ჩემპიონატზე გასვლა თუ გსურს, აუცილებლად უნდა მოიგო და ჯგუფში გაიმარჯვო“,-აცხადებს ვაისი.

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფა-ს ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის პირველ კალათაში იყო განთესილი, ისევე როგორც ბელარუსი, მაკედონია და აზერბაიჯანი.

საქართველო მოხვდა I ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები არიან ლატვია, ყაზახეთი და ანდორა.

ერთა ლიგაზე გამოსვლას საქართველო ყაზახეთთან მატჩით დაიწყებს. 

 

დატოვე კომენტარი