ლევან კობიაშვილი ეროვნული ლიგის განახლებაზე - იმედია, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ლიგის განახლების შესაძლო თარიღზე ილაპარაკა:
„ჩვენი სურვილია, რომ ჩემპიონატი მალე დავიწყოთ, მაგრამ მოგეხსენებათ, სპორტში შეზღუდვები ისევ მოქმედებს. ხვალ კლუბებთან ვიდეოკონფერენცია გვექნება და ბევრ საკითხს გავივლით. მე იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის განახლება მალე იქნება შესაძლებელი“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იმ ზომებზეც ილაპარაკა, რომლის დაცვაც ეროვნული ლიგის გუნდებს მოუწევთ: „ამის შესახებ სამინისტროსთან და მთავრობასთან მოლაპარაკება გვაქვს და მალე გვეცოდინება პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც გუნდები ვარჯიშებს განაახლებენ. მოთამაშეთა და პერსონალის ტესტირებას კი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგის ახალ სეზონში მხოლოდ ორი ტური გაიმართა. ბოლოს შეხვედრა 8 მარტს ჩატარდა და 6 ქულით პირველ ადგილზე თბილისის „ლოკომოტივი“ იყო. 11 მარტს კი ფეხბურთის ფედერაციამ სეზონის დროებით შეჩერება გადაწყვიტა.