ლევან კობიაშვილი დაჯილდოებამ გაახარა - მიხარია, რომ ჩვენი ხედვა და სტრატეგია სპორტულმა სამყარომ დადებითად შეაფასა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ფეხბურთი პირველად დაფასდა.
2018 წლის ქვეყნის საუკეთესო გუნდად, ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დასახელდა, წლის მენეჯერად – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ხოლო წლის აღმოჩენად – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე.
მომხდარს სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციური წერილით გამოეხმაურა.
„ეს ის მომენტია, როდესაც ძალიან ვამაყობ!
2018 წლის ქვეყნის საუკეთესო გუნდად ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დასახელდა, წლის აღმოჩენა გიორგი ჩაკვეტაძე გახდა და საუკეთესო სპორტული მენეჯერის ტიტულის პატივი მე მხვდა წილად! 2018 წელი ფეხბურთისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი წელი იყო და მიხარია, რომ ის ნაბიჯები, რასაც შედეგის მისაღებად ვდგამთ, ჩვენი ხედვა და სტრატეგია, დადებითად შეაფასა სპორტულმა სამყარომ და ყველა ჯილდო სწორედ ამის დამსახურებაა”, – წერს ლევან კობიაშვილი.
სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, ეს ჯილდო გუნდური მუშაობის შედეგია.
„ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან პერსონალური ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე, ეკუთვნის ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, რადგან ფეხბურთი არის გუნდური თამაში და ჩვენც ერთ გუნდად, ყველა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მხარდამჭერის – მოთამაშის დახმარებით, 2019 წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ შედეგს. მადლობა ჩვენს ბიჭებს და ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდით!“ – განაცხადა კობიაშვილმა.