ლევან კობიაშვილი - ილოცონ კლუბებმა და ფეხბურთელებმა, რომ სადისციპლინო კომიტეტის სხდომის დროს ე.წ. ჩაწყობილი თამაშების სიაში არ მოხვდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ე.წ. ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩებისა და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
„სამწუხაროა, რომ ასეთ მტკივნეულ თემაზე გვიწევს შეხვედრა, მაგრამ ეს არის საქციელი, რომელიც არა მხოლოდ მათ, არამედ მათ კლუბებს, ზოგადად ქართულ ფეხბურთს აზარალებს. შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლუბების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
„არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილი, მაგრამ დღესაც თამაშობენ. ეს არის სწორედ ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. ადამიანები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნეულები, ისევ დააბრუნეს. საერთოდ, ქართული ფეხბურთის მომავალზე არა მარტო ფედერაციამ, არამედ კლუბებმაც უნდა იფიქრონ და ეს პასუხისმგებლობა გაიაზრონ“, – განაცხადა კობიაშვილმა.
კითხვაზე, დაისჯებიან თუ არა ფეხბურთელებთან ერთად კლუბებიც, ამაზე კობიაშვილმა აღნიშნა:
„მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის დასასრული. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც შესაძლოა, სხვა ფეხბურთელებისა და კლუბების სახელებიც დასახელდეს. ვისაც ეს ეხება, ილოცონ, რომ მათი კლუბები და გვარები ამ სიაში არ მოხვდნენ“.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვასა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.