ლევან კობიაშვილი - ასეთ მოედნებზე გაიზრდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს და ქართულ ფეხბურთს ასახელებენ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილმა საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გახსნაზე კომენტარი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ, რადგან ერთით მეტი სტადიონი შეემატა დედაქალაქს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ეს ტერიტორია ჩვენ სულ რაღაც ორი წლის უკან გადმოგვეცა განსაზღვრული მიზნობრიობით. ამისთვის მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს. მაშინ აქ მძიმე მდგომარეობა იყო. მთლიანობაში არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა, მოვაწყვეთ ერთი სტანდარტული და ერთი მინი მოედანი, ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო ცენტრს სჭირდება. ეს უპირველესად საბავშვო ფეხბურთისთვისაა. მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს იმას, ყოველდღიურად ფეხბურთს მეტი და მეტი ბავშვი რომ თამაშობს“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.
ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა ფიფა-ს: „აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი პირველ რიგში ბავშვთა, გოგონათა და მოყვარულთა ფეხბურთისთვის აშენდა. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფეხბურთში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ფიფა-ს. აღნიშნული პროექტი სწორედ ფიფა-ს ფორვარდის პროგრამის მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა. ეს სტადიონებია ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთ მოედნებზე გაიზრდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს და ქართულ ფეხბურთს ასახელებენ“.
თბილისის მერიამ ტერიტორია სფფ-ს პროფილის შენარჩუნების ვალდებულებით გადასცა. საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ადგილზე ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი და ერთი მინი მოედანი (7×7 ფეხბურთისთვის) მოეწყო, განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, საფეხბურთო ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ოთახია განთავსებული.
ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრის გახსნას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლისთან ერთად დაესწრო.
სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.