ლევან კობიაშვილი - 26 მაისი მნიშვნელოვანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის #1TVSPORT
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე გამართულ ღონისძიებებს სპორტული სამყაროც შეუერთდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო სპორტის სხვადასხვა სახეობა.
სპორტულ ორგანიზაციებს შორის იყო ფეხბურთის ფედერაციაც, რომლის სპეციალური სივრცე ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. ორგანიზაციამ წარადგინა საქართველოში გასამართი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასი, ხოლო „სახალისო ფეხბურთის“ ეგიდით საფეხბურთო შეჯიბრებები გამართა.
„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, რადგან ჩვენი ფედერაცია იყო პირველი, რომელიც საკავშირო ფედერაციას გამოეყო. მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. დღეს ჩვენ წარვადგინეთ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასი, რომლის დაწყებამდეც ცოტა დრო დარჩა. ეს არის საქართველოში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირი, რომლის მასშტაბის შეჯიბრებაც ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ჩატარებულა“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.