ლევან ხმალაძე - დარწმუნებული ვარ, „გარეჯთან“ მატჩს სამტრედიაში ბევრი გულშემატკივარი დაესწრება #1TVSPORT
„სამტრედიის“ კაპიტანმა, ლევან ხმალაძემ კომენტარი გააკეთა საგარეჯოს „გარეჯთან” პლეი აუტის მატჩზე, რომელშიც გაირკვევა მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში რომელი გუნდი ითამაშებს.
„ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა იმისთვის, რომ ეროვნულ ლიგაში პლეი აუტის გარეშე დავრჩენილიყავით. ახლა გუნდში აბსოლუტურად ყველა მობილიზებულია „გარეჯთან“ თამაშზე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში აუცილებლად დარჩეს.
პლეი აუტში ორი შეხვედრა გველის და არა მგონია, პირველივე მატჩში გადაწყდეს გამარჯვებული ვინაობა. ყოფილა შემთხვევა, გუნდს პირველი თამაში 0:2 წაუგია, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გაუმარჯვია.
ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზეა და გამარჯვებულის ბედი საპასუხო მატჩის შემდეგ გადაწყდება. გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, სამტრედიაში ჩვენს გასამხნევებლად სტადიონზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, რომელიც ჩვენს გამარჯვებს იხილავს“, – ამბობს ლევან ხმალაძე.
პლეი აუტში ეროვნული ლიგის მეცხრეადგილოსანი „სამტრედია“ ლიგა 2-ის მეორეადგილოსან „გარეჯს” „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ 6 დეკემბერს 13:00 საათზე უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა 10 დეკემბერს საგარეჯოში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის ითამაშებს „თელავიც”, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გასულ თბილისის „სპაერს“ 6 დეკემბერს (სტუმრად, 17:00 საათზე) და 10 დეკემბერს (შინ, 18:00 საათზე) დაუპირისპირდება.