ლევან კარანაძე - მოსკოვი-ქუთაისის რეისზე „სიბირის ავიახაზების“ დანიშვნა პოზიტიური სიგნალია, მაგრამ ფრენების აღდგენას არ ნიშნავს
ლევან კარანაძე - მოსკოვი-ქუთაისის რეისზე „სიბირის ავიახაზების“ დანიშვნა პოზიტიური სიგნალია, მაგრამ ფრენების აღდგენას არ ნიშნავს

საქართველოს საავიაციო სააგენტო ადასტურებს, რომ რუსეთის ავიაციის ადმინისტრაციამ მოსკოვი-ქუთაისის რეისზე „სიბირის ავიახაზები“ დანიშნა, თუმცა ეს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას არ ნიშნავს და აღნიშნულ რეისზე ამ კომპანიამ ავიაკომპანიამ „გლობუსი“ ჩაანაცვლა. ამის შესახებ საქართველოს საავიაციო სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად სარწმუნოა დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „როსავიაცამ“ რუსულ ავიაკომპანია „სიბირის ავიახაზებს“ (S7 Airlines) უფლება მისცა, ქუთაისი-მოსკოვის ფრენები განახორციელოს.

კარანაძის ინფორმაციით, სააგენტომ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ის სიმართლეს შეესაბამება, თუმცა საქმე გარკვეულ პროცედურულ საკითხს ეხება და საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენას არ გულისხმობს.

„დიახ, ეს ინფორმაცია გავრცელდა და ჩვენ გადავამოწმეთ. ალბათ, უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არ იყო, როგორც ასეთი, ფრენების ნებართვა ამ კონკრეტულ კომპანიაზე. არსებობს ე.წ. დანიშვნის პროცესი. როგორც ჩანს, რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ ეს პროცესი განახორციელა და ავიაკომპანია „გლობუსის“ ნაცვლად ამ კონკრეტულ ხაზზე „სიბირის ავიახაზები“ დანიშნა, რაც შეიძლება ითქვას, პოზიტიური სიგნალია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ფრენების აღდგენაზეა საუბარი“, – განაცხადა კარანაძემ.

საქართველოს საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის გახდება შესაძლებელი, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვა მოიხსნას.

„ძალიან რთულია ზუსტად პასუხის გაცემა, ვინაიდან, იცით, რომ ემბარგოს შემოღება ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და ჩვენზე დამოკიდებული არ ყოფილა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოგზავნა წერილი, ჩვენ მათ ასე ვთქვათ პრეტენზიებს სათანადო პასუხი გავეცით და დღემდე არანაირი კონკრეტული შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა. თუმცა ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ, როცა მათი მხრიდან მზაობა იქნება“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

„როსავიაციამ“ „სიბირის ავიახაზებს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განკარგულება 15 ოქტომბრით თარიღდება.

დატოვე კომენტარი