„როსავიაციამ“ „სიბირის ავიახაზებს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა
„როსავიაციამ“ „სიბირის ავიახაზებს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა

„როსავიაციამ“ „სიბირის ავიახაზებს“ („ეს-7“) მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა.

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განკარგულება 15 ოქტომბრით თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიას მოსკოვი-ქუთაისის რეისის შესრულება კვირაში შვიდჯერ შეუძლია.

ამავე დროს, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „როსავიაციამ“ ავიაკომპანია „გლობუსს“ მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულების უფლება გაუუქმა.

როგორც რუსულ მედიასთან საუბარში ავიაკომპანია „ეს-7“-ის წარმომადგენელმა ნადეჟდა ხაიტოვამ განმარტა, მოსკოვი-ქუთაისის რეისის შესრულებაზე როსავიაციისგან ნებართვის მიღების მიუხედავად, პირდაპირი ფრენების აკრძალვის პირობებში ავიაკომპანია რეისებს ვერ შეასრულებს. ამასთან, ხაიტოვას თქმით, ქუთაისში ავიარეისების შესრულების ნებართვა ავიაკომპანია „სიბირმა“ „გლობუსის“ ნაცვლად მოიპოვა, აღნიშნული ავიაკომპანიების გაერთიანების ფარგლებში.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ივლისში შეწყდა.

დატოვე კომენტარი