ლევან კაკუბავა - სუპერთასი ემოციური თამაშია და გამოცდილება უფრო მოიგებს, ვიდრე ტაქტიკური მონახაზი #1TVSPORT
2022 წლის სეზონს ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გახსნიან – 2021 წლის საქართველოს ჩემპიონი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულს 20 თებერვალს საქართველოს სუპერთასისთვის დაუპირისპირდება.
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი „საბურთალოს“ კაპიტანმა ლევან კაკუბავამ და მეკარე ოთო გოშაძემ გააკეთეს.
ლევან კაკუბავა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სუპერთასის მონაწილეები ვართ, რომლითაც სეზონი იწყება. ამ ტიტულის დაეუფლება ყველა გუნდისთვის საოცნებოა და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ წელი წარმატებით, მაჟორულ ნოტაზე დავიწყოთ. წელს კარგი ტრანსფერები განხორციელდა, ანთალიურ შეკერებაზე გუნდი ასე თუ ისე შეთამაშდა. ალბათ, ნელ-ნელა ყველა ფეხბურთელი მოუმატებს და ალბათ, კარგი შედეგებიც იქნება. ჩვენს პლუსად იმას ჩავთვლი, რომ (ბოლო წლებში) „საბურთალოს“ ფინალების ჩატარების უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ყველაფერს ფინალი გამოაჩენს. ეს ის თამაშია არაა, წინასწარ რამე რომ დაგეგმო. ემოციური თამაშია და გამოცდილება უფრო მოიგებს, ვიდრე ტაქტიკური მონახაზი“.
ოთო გოშაძე: „სუპერთასი პრესტიჟულია და სეზონის ტიტულით დაწყება ძალიან კარგია. უკვე ერთი თვეა, რაც სეზონის დაწყებისთვის ვემზადებით, შეკრებამ, ნაყოფიერად ჩაიარა და რა თქმა უნდა, იმის მოლოდინში ვართ, რომ მოედანზე გავალთ და სუპერთასს მოვიგებთ. „საბურთალო“ ყველა თამაშზე მოსაგებად გადის და გამონაკლისი არც ეს სუპერთასის მატჩია. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თამაში იქნება და დაძაბულ შეხვედრას ველი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“.
2022 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა ქუთაისის „რამაზ შენგელია-არენაზე“ გაიმართება. ბათუმის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 20 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.