ლევან კაკუბავა - „საბურთალოს“ 2020 წელს დაკავებული ადგილი არ ეკადრება
„საბურთალო“ თურქულ შეკრებაზე მზადებას აგრძელებს. გუნდი პირველ საკონტროლო შეხვედრას უკრაინის პრემიერლიგელ „ოლექსანდრიასთან“ გამართავს.
ამ სპარინგ-მატჩში, რომელიც ბელეკში გაიმართება, გუნდს ვიცეკაპიტანი ლევან კაკუბავა ვერ დაეხმარება, რადგან ჯერ ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა.
„საშუალო სიმძიმის ტრავმა მქონდა, მაგრამ მკურნალობა საკმაოდ დიდი ხანი გამიგრძელდა, ვიმედოვნებ, რომ მალე მოვირჩენ და გუნდს მალე დავუბრუნდები. ამაში ჩვენი ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი, მილოვან მატიასევიჩი და სამწვრთნელო სტაფი მეხმარებიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მოედანს 100 პროცენტით მომზადებული დავუბრუნდე“, – განაცხადა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ლევან კაკუბავამ.
გამოცდილმა მოთამაშემ კომენტარი იმაზეც გააკეთა, რომ ის გუნდის ვიცეკაპიტანი გახდა: „გუნდს დავეხმარები, უფრო მეგობრული და შეკრული რომ გახდეს. ახალ ფეხბურთელებსაც დავეხმარები, რომ ადაპტაცია ადრე გაიარონ. ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს მადლობა მინდა გადავუხადო ამ დიდი ნდობისთვის და შევეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო – ამის დიდი იმედი მაქვს“.
მან გუნდის განახლებაზეც ილაპარაკა: „ბევრმა ძლიერმა მოთამაშემ დაგვტოვა. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს – დიდი იმედი მაქვს, რომ მათი ადაპტაცია და ძველი ფეხბურთელების ახლით ჩანაცვლების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე გვყავს, როგორც ქართველი, ასევე ლეგიონერი და ჩემი აზრით, წარმატებით ვითამაშებთ და ტიტულებს მოვიპოვებთ. თურქეთში ისეთი კარგი პირობებია, რომ ჩვენი ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ“.
კაკუბავას თქმით, გუნდმა შარშანდელი შედეგი არ უნდა გაიმეოროს: „ახალ სეზონში ველოდები, რომ შარშანდელზე უკეთეს პოზიციას დავიკავებთ, რადგან „საბურთალოს“ არ ეკადრება ის ადგილი, რომელიც 2020 სეზონში დავიკავეთ. შესაძლოა, მინუსია, რომ ევროსაგზური ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს წელს პლუსად გადაიქცეს. თამაშები არ გადაგვედება, ეს უფრო წაგვადგება, რაც ჩვენს პლუსად უნდ გადავაქციოთ“.