ლევან კაკუბავა - ფინალი, ფაქტობრივად, ბათუმის „დინამოსთან“ გვქონდა #1TVSPORT
„საბურთალოს“ კაპიტანმა ლევან კაკუბავამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩი გაიხსენა. თუმცა, მიაჩნია, რომ თასის ფინალამდე მიმავალ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმის „დინამოსთან“ ნახევარფინალის მოგება იყო.
„ორმაგად სასიხარულოა, რომ თასის ნახევარფინალში ბათუმის „დინამო“ დავამარცხეთ. ქობულეთის „შუქურას“ და „სამგურალის“ წყვილს არ ვაკნინებ, მაგრამ გუნდში ვიძახდით, რომ ფინალი ფაქტობრივად ბათუმელებთან გვქონდა.
ეს დიდი სიხარული იყო, კაპიტნის რანგში კი საქართველოს თასი პირველად მოვიგე და ჩემთვის ამიტომაც იყო ქუთაისში „სამგურალთან“ გამართული ფინალი საპასუხისმგებლო. ეს ჩემთვის საქართველოს მეოთხე თასია, მაგრამ კაპიტნის რანგში პირველად მოვიგე.
„სამგურალი“ ძალიან კარგი გუნდია, ძალიან გამოცდილი და კარგი მწვრთნელით. ფინალის მიმდინარეობაც რომ გავიხსენოთ, ადვილი თამაში ნამდვილად არ გვქონია. მაგრამ შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა და დამაჯერებლად მოვიგეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდა გუნდისთვის ეს დიდი წარმატებაა.
თასზე გამარჯვება ორმაგი მოტივაცია უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ ყოველ წელს მეტი იმუშაონ და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ მართლა კარგი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც სულით და გულით უნდათ განვითარდნენ. თუ თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ, პლუს მათ გვერდით გამოცდილები ითამაშებენ, ხოლო კლუბში ფინანსური მდგრადობა იქნება, საქართველოს დონეზე ბევრის მიღწევა შეუძლიათ.“