ლევან იზორია - ე.წ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრისას ჯარი მოიხსენიეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული
ლევან იზორია - ე.წ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრისას ჯარი მოიხსენიეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული

ე.წ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრისას ჯარი მოიხსენიეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი – ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, – ეს განცხადება ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გათვალისწინებული მომზადების დასრულება მიულოცა. 32-ე ბატალიონმა მომზადება ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში 13 კვირის განმავლობაში გაიარა. ამერიკელი ინსტრუქტორების მხარდაჭერით სწავლება ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიმდინარეობდა.