ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმისთვის შევედით პარლამენტში, ამ არჩევნების შედეგები ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაიზიარა და დათანხმდა, ეს ნიშნავს, მიზანს მივაღწიეთ
ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმისთვის შევედით პარლამენტში, ამ არჩევნების შედეგები ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაიზიარა და დათანხმდა, ეს ნიშნავს, მიზანს მივაღწიეთ

გადაწყვეტილი არ მაქვს, წავალ თუ არა არჩევნების მეორე ტურზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩემს წასვლას იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ ერთ-ერთ კანდიდატს დავუჭერდი მხარს, მაგრამ მე არც ერთ კანდიდატს არ ვუჭერ მხარს და შესაბამისად, ამ არჩევნების მეორე ტურში ალბათ, მონაწილეობას არ მივიღებ“, – განაცხადა იოსელიანმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რისკენ მოუწოდებს საკუთარ ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ამომრჩეველს ვინმეს მოწოდება არ სჭირდება და მხარდამჭერებს არჩევანის ვინმეს სასარგებლოდ გაკეთებისკენ არ მოუწოდებს, რადგან ამ ძალიან არაჯანსაღ გარემოში ისევ თავის პარტიულ იდენტობას უფრთხილდება.

„ვუფრთხილდები ისევ იმას, რომ ჩემი ეს მოწოდება აღქმული არ იყოს ვიღაცისადმი მიტმასვნის ან ვიღაცის ინტერესის გატარებად. ჯერ ერთი, ეს მოწოდებები ძალიან არ მომწონს. იმიტომ, რომ ეს ამომრჩეველი არ არის ცხვრის ფარა, რომ მოუწოდო და იქით წავიდეს. ადამიანებს ამ 30 წლის მანძილზე იმხელა პოლიტიკური გამოცდილება დაუგროვდათ, რომ ძალიან კარგად იციან, რა დროს, ვის სასარგებლოდ, რა არჩევანი გააკეთონ. ის ხალხი, ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, მივა და იმ არჩევანს გააკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის. არ ვფიქრობ, რომ მათ ჩემი მოწოდება სჭირდებათ“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პარტია „მოქალაქეებმა“ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ ვინმესთან მიკედლების და ვიღაცის პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაფურჩქვნის მოთხოვნილება არ აქვს.

„ჩვენ შეგვიძლია, ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გავუწიოთ. როდესაც მთელი ოპოზიცია ერთ აზრზე იყო, ჩვენ განსხვავებულ აზრზე ვიყავით და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ეს განსხვავებული აზრი სწორი აღმოჩნდა. იმიტომ, რომ ის აზრი, რაზეც ჩვენ ვიყავით, მერე მთელმა ოპოზიციამ გაიზიარა და ერთი, თუ ორი თვის დაგვიანებით შემოვიდა პარლამენტში. ასე რომ, პოლიტიკას, გარდა იმისა, რომ თანმიმდევრული მუშაობა და კვალიფიკაცია სჭირდება, ხშირ შემთხვევაში, ასევე სჭირდება გამბედაობა გაბატონებული აზრის, ე.წ მეინსტრიმის საწინააღმდეგოდ, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ვფიქრობ, ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ვაპირებთ, პარლამენტში მუშაობა ასე გავაგრძელოთ, სანამ იქ ვიქნებით“, – განაცხადა იოსელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის გზავნილია საზოგადოების მხრიდან ის, რომ პარტია „მოქალაქეებს“ საკრებულოში წარმომადგენელი არ ჰყავს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებით, პარტია „მოქალაქეებს“ წინასაარჩევნო კამპანია თბილისის პრობლემებზე ჰქონდა აწყობილი, რითაც ძალიან ამაყობს, მაგრამ თბილისის საკრებულოში წარმომადგენლის გასაყვანად პარტიას სულ რაღაც 200 ხმა დააკლდა.

„ჩვენ გვინდოდა და გვინდა, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი იყოს თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში და არა ზოგადად, რასაც ვუყურებდით, როცა მთელი კამპანია რეფერენდუმზე ლაპარაკს დაეთმო. იმაზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს რეალურად სჭირდებათ, არავინ არ საუბრობდა და ამ კონტექსტში ჩვენ მივიღეთ ის მხარდაჭერა, რაც მივიღეთ. დაგვაკლდა სულ 200 ხმა, რომ თბილისში კანდიდატი გაგვეყვანა. ეს არის 0,4%“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ეს კარგი გზავნილი თუ მტკიცებულებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯიუტად ცდილობს, პარტია „მოქალაქეები“ „ქართულ ოცნებას“ მიაწეროს.

„მოსყიდულებს რომ გვეძახიან და ჩვენზე ათას სისაზიზღრეს რომ ამბობდნენ, ვინმესთან რამე ტიპის გარიგება რომ გვქონოდა, დამერწმუნეთ, 0,4%, 200 ხმა არ იქნებოდა პრობლემა. ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვცდილობთ, ვიყოთ ყველასგან დამოუკიდებელი და ვაკეთოთ ის, რაც სწორად მიგვაჩნია. სწორად მიგვაჩნდა, ამ ქვეყანაში გაგვეტარებინა საარჩევნო რეფორმა, რის გამოც შევედით პარლამენტში და გეტყვით, რომ 73 ოლქიდან, 72 ოლქის შემაჯამებელი ოქმი ხელმოწერილია ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ და მხოლოდ ერთია გასაჩივრებული ქობულეთში. ეს იმას ნიშნავს იმას, რომ ამ არჩევნების შედეგები ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაიზიარა და დათანხმდა. მთელი საქართველოს მასშტაბით უბნების 22% გადაითვალა, როცა აქამდე მაქსიმუმი 1% იყო. ამ 22%-იდან 0,007 იყო აცდენა. ანუ, აცდენა 0,1%-იც არ არის. ეს ნიშნავს იმას, რისიც გვჯეროდა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების პროცედურა, საარჩევნო დღე მოწესრიგებულიყო, რის გამოც შევედით პარლამენტში და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.