ლევან იოსელიანი - მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი ჩემი მოსაზრება, რომ ერთი წლით არჩეული პროკურორი იქნება უფრო მორჩილი, ვიდრე დღეს არის
ლევან იოსელიანი - მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი ჩემი მოსაზრება, რომ ერთი წლით არჩეული პროკურორი იქნება უფრო მორჩილი, ვიდრე დღეს არის

განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რაც მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი, ერთი წლით არჩეული პროკურორი იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე დღეს არის, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

„პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს სრულიად ვიზიარებ, რადგან ჩავარდნილ მართლმსაჯულების რეფორმას ეხებოდა. მართლაც, ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ იყო გადადგმული, რაც კარგად გამოჩნდა სასამართლოსთან მიმართებაში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ უზენაეს სასამართლოში ის კანდიდატები გაამწესა, რომელთა მიმართაც კითხვები იყო.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რაც მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ერთი წლით არჩეული პროკურორი იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე დღეს არის. კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთება სწორი არ იქნება, სწორია, რომ ეს პროექტიდან ამოვიღეთ. ამის კარგი მაგალითია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ფორმალური წესი. ამ საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ეჩმა, კარლ ჰარცელმა.  „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.