ლევან იოსელიანი - ევროკავშირის საელჩოში შეხვედრაზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი არანაირ სანქციებზე, სანქციების მოლოდინის შექმნა სწორად არ მიმაჩნია
ლევან იოსელიანი - ევროკავშირის საელჩოში შეხვედრაზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი არანაირ სანქციებზე, სანქციების მოლოდინის შექმნა სწორად არ მიმაჩნია

გუშინ მქონდა შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში, მათ წარმომადგენელთან და ნამდვილად შემიძლია, გითხრათ, რომ არანაირ სანქციებზე იქ საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება სანქციების მოლოდინის შექმნას, ასეთი მოლოდინის შექმნა სწორად არ მიმაჩნია, რადგან, როგორც წესი, ასეთი მოლოდინი არ ამართლებს ხოლმე, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი.

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სწორად მიაჩნია საუბარი არსებით საკითხებზე.

„მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს, დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალური სანქციები – არ მიმაჩნია, რომ ახლა ამაზე საუბარი იყოს რელევანტური. ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა.

არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ქვეყანას თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში.

მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა, როგორ მოვახდინოთ სასამართლო სისტემის რეფორმირება და ამ ყველაფრისთვის თუ არის სივრცე დარჩენილი. შეგვიძლია თუ არა, გავაგრძელოთ მსჯელობა პარლამენტის შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია – ჩემთვის ეს არის ჩემთვის საინტერესო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.