ლევან იოსელიანი - ჩაბრძანდით ეზოს მაღაზიებში, აფთიაქებში, რა დაბალი ხელფასი აქვთ, დღეს არ ჩამოვთვლი კომპანიებს, რომლებიც ასე ექცევიან დასაქმებულებს, მაგრამ შემდგომში აუცილებლად დავასახელებ
ლევან იოსელიანი - ჩაბრძანდით ეზოს მაღაზიებში, აფთიაქებში, რა დაბალი ხელფასი აქვთ, დღეს არ ჩამოვთვლი კომპანიებს, რომლებიც ასე ექცევიან დასაქმებულებს, მაგრამ შემდგომში აუცილებლად დავასახელებ

ახლა, როდესაც არჩევნები ჩავლილია, იმედია, ამ დარბაზში საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს; ხალხზე და ყველა იმ გაჭირვებაზე, რომელიც ხალხის ირგვლივ მთელი ამ წლების მანძილზე არის თავმოყრილი და ჩვენ ამ სივრცეს ვიყენებთ ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რომ ხალხზე და მათ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

„სიახლეს არ ვიტყვი, რომ ჩვენთან ფარმაცევტულ კომპანიებში, საკონსულტაციო და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების გასამრჯელო არის უკიდურესად დაბალი, დაახლოებით 300 ლარი და როგორია დამოკიდებულება კომპანიების მხრიდან ჩვენი მოქალაქეებისადმი – თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, მაშინ შეუძლიათ, დატოვონ ეს სამსახური და სხვაგან ეძებონ. ახალს არაფერს ვამბობ, ჩაბრძანდით თქვენი ეზოს მაღაზიებში და ჰკითხეთ კონსულტანტებს, გამყიდველებს, რამდენი აქვთ ხელფასი, შედით აფთიაქებში და ჰკითხეთ, რამდენი აქვთ ხელფასი. დაახლოებით არის 300 ლარის ფარგლებში. ასეთი ველური დამოკიდებულება ბიზნესისა საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის და ჩვენ მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც არსებობს მინიმალური ხელფასი რაღაც, რომლის ქვევითაც არ შეიძლება, გადაუხადო – ერთგან არის 146, მეორეგან 143 დოლარი.

მე არ ვარ მომხრე, ვიღაცას სახელმწიფომ რაღაც მოახვიოს ძალით თავზე, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანებს სჭირდებათ დაცვა, ასეთი დამოკიდებულების გამო არის, რომ მერე „მწვანე ბარათზე“ 100 000-ზე მეტ ადამიანს შეაქვს განაცხადი და გაქცევა უნდათ ამ ქვეყნიდან. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მე დღეს არ ჩამოვთვლი იმ კომპანიებს, იმ ჯგუფებს, რომლებიც ასე ექცევიან საკუთარ სფეროში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ შემდგომში აუცილებლად დავასახელებ კონსულტანტებსაც, კომპანიებსაც და მათ მეპატრონეებსაც, რადგანაც ასეთი დამოკიდებულების გამოა, ამ ქვეყანაში გაჩერება რომ არ უნდა ხალხს და რომ გარბიან სამუშაოდ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან თუ საათობრივად უხდიან და საათში 10 და 20 დოლარია, გასაგებია, ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1,80 ლარის გადახდა, ეს არის დაცინვა, უბრალოდ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ ექნებათ კონკრეტული ინიციატივები ამ საკითხთან დაკავშირებით.

„შემოგთავაზებთ და მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ეს ადამიანები, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი ჩვენი საზოგადოების და ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.