ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „სამტრედია“ „დინამო თბილისს“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სავრადაუდოდ, ახალწვეულით დაუპირისპირდება – 25 ივლისს, თბილისელთა წინააღმდეგ, შესაძლოა, ლევან გრძელიძემ ითამაშოს.
19 წლის შემტევი „ლოკომოტივის“ აღზრდილია, ბოლოს კი ესპანურ „სარაგოსაში“ გამოდიოდა. საქართველოში წელს დაბრუნდა და „ლოკომოტივში“ იყო, მაგრამ ტრავმის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა აკლდა და გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.
ლევან გრძელიძემ კომენტარი ახალ გუნდსა და თბილისის „დინამოსთან“ მომავალ თამაშზე გააკეთა.
„მსურს ჩემი თამაშით „სამტრედიას“ ყველანაირად გვერდში დავუდგე და მის წარმატებაში წვლილი შევიტანო. კახა კაჭარავასთან მუშაობა პირველად მიწევს. ჩემს მიმართ დადებითად არის განწყობილი, მეც ანალოგიურად ვარ და ერთად შევეცდებით დასახული მიზნების შესრულებას“, – ამბობს ლევან გრძელიძე.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია ბოლომდე გავლილი აქვს, ვარჯიშობს და შეიძლება ითქვას, უკვე 100%-ით მზად არის.