ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო, სადაც არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს. გუნდს ამ ტურნირზე ლევან გეგეჭკორი ვეღარ დაეხმარება, მან გუნდი დატოვა – ინფორმაციას „დინამოს“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
„ლევან გეგეჭკორმა ჩვენი გუნდის რიგები დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობა ლევანს „დინამოს“ მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის“, – წერია საქართველოს ჩემპიონის განცხადებაში.
ლევან გეგეჭკორი ბათუმის „დინამოში“ 2019 წლიდან თამაშობდა. 28 წლის მარჯვენა მცველს უთამაშია მარტვილის „მერანში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“ და ქუთაისის „ტორპედოში“.
ლევან გეგეჭკორი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ვლადიმირ ვაისმა კი საქართველოს ნაკრებში მიიწვია და 3 მატჩი ათამაშა. ბათუმის „დინამოში“ ჩარიცხულ მცველს წინსვლის საშუალება ხშირმა ტრავმებმა წაართვა, რის გამოც ბოლო ორ წელიწადში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.