„ლევადიაში“ ორი ქართველი ჩაირიცხა - ბეგლარიშვილი ესტონეთში დაბრუნდა
ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთში დაბრუნდა და კარიერას ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ტალინის „ლევადიაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკეტი“ ავრცელებს.
მან პროფესიული კარიერა რუსთავის „ოლიმპში“ დაიწყო. 2008 წელს ამსტერდამის „აიაქსის“ აკადემიაში გადავიდა, სადაც დუბლებთან და ახალგაზრდულ გუნდთან ვარჯიშობდა. ნიდერლანდებიდან დაბრუნების შემდეგ ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში გუნდებში, გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“. 2010 წელს ხელშეკრულება გააფორმა ტალინის „ფლორასთან“. 2018 წლის სეზონის ბოლოს ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ბეგლარიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. 2015 წლის 11 ნოემბერს სადებიუტო მატჩი სწორედ ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჩაატარა. მაგრამ შემდეგში ნაკრებში აღარ იწვევდნენ და 2017 წელს ესტონეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი და ესტონეთის ნაკრებში თამაშის მზადყოფნა გამოხატა. 2018 წლის დეკემბერში მან გამოცდა ჩააბარა და ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო. მაგრამ ამის შემდეგ კარიერა აერია – 2019 წლის იანვარში, ექვსი თვით უნგრულ „ჰონვედში“ იჯარით გადავიდა, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო გუნდი დატოვა და ზაფხულში ფინეთის „კოტკაში“ ჩაირიცხა.
„ტრანსფერმარკეტის“ ცნობით, ტალინის „ლევადიაში“კარიერას კიდევ ერთი ქართველი, „თელავის“ კაპიტანი ანტონ თოლორდავა გააგრძელებს. საკითხი გადაწყვეტილია და 24 წლის მცველი ესტონეთის პრემიუმ ლიგის გუნდში იანვრიდან ჩაირიცხა. თოლორდავამ 2015 წელს კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, 2018 წელს კი „თელავში“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მისი დამსახურებაა, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში გადმოვიდა და სეზონი საკმაოდ ნორმალურად ჩაატარა.
ტალინის „ლევადიამ“ 2020 წლის სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ახალ ევროსეზონში კონფერენცლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.