l'Est Républicain – „მეცის“ პრეზიდენტმა მიქაუტაძის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ მიწურულს „აიაქსში“ გადავიდა, შესაძლოა, „მეცში“ იჯარით იანვარში დაბრუნდეს, რადგან ამის დიდი სურვილი აქვს კლუბის პრეზიდენტს, ბერნარ სერინის და მან მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას გამოცემა l’Est Républicain-ი ავრცელებს.
„ლიგა 1-ში სეზონი „მეცმა“ ცუდად დაიწყო და პირველი 12 ტურის შემდეგ 10 ქულით პლეიოფის ზონაში აღმოჩნდა. სატრანსფერო „ფანჯრის“ მიწურულს გიორგი მიქაუტაძის წასვლის შემდეგ გუნდის შეტევა რთულ მდგომარეობაშია, „მეცმა“ მხოლოდ ცხრა გოლი გაიტანა.
ამიტომ კლუბის პრეზიდენტი ბერნარ სერინი მზადაა, იანვარში მიქაუტაძე დაიბრუნოს. ქართველი თავდამსხმელი, რომელიც „აიაქსს“ 19 მილიონ ევროდ შეუერთდა, ნიდერლანდების გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
„მეცის“ პრეზიდენტ ბერნარდ სერინის კი თავისი ფავორიტი მოთამაშის შესაძლო დაბრუნება სურს და გადაწყვეტილებაც მიიღო“, – ამტკიცებს გამოცემა l’Est Républicain-ი და „მეცის“ პრეზიდენტის კომენტარსაც აქვეყნებს.
„თუ „აიაქსი“ სეზონის მეორე ნაწილში მიქაუტაძის იჯარით გაშვებას აპირებს, მან იცის გუნდი, სადაც მის დაბრუნებას მიესალმებიან. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ის აქ მოვა, მაგრამ სურვილი გვაქვს“, – ეს „მეცის“ პრეზიდენტმა l’Est Républicain-თან ინტერვიუში განაცხადა.