ლერი ხაბელოვი - ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიების კუთხით წარმატებებს მივაღწიეთ #1TVSPORT
ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს მოციგურავეების წარმატებულ და ისტორიულ შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართეს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და ვიცეპრეზიდენტმა, სეოკ-ში ზამთრის სპორტის სახეობების კურატორმა, მამუკა ხაბარელმა.
საქართველოს მოციგურავეებმა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ოთხივე კატეგორიაში (ერთეულთა თანრიგი – ქალები, კაცები, სპორტული წყვილები, სპორტულიო ცეკვები), რაც სალიცენზიო მარათონში ჩაბმულმა მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მოახერხა. ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო იმ ელიტარულ ათეულში დაწინაურდა, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. ათეულში ჩვენთან ერთად არიან აშშ, რუსეთი, კანადა, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია და უკრაინა.
„ფიგურული ციგურაობაში ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ეს მაიმედებს იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წელს ბაკურიანში ახალგაზრდული ზამთრის თამაშების მასპინძლობას ვაპირებთ. თამამად ვიტყვი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების კუთხით წარმატებები გვაქვს. ამას არ ვკმაყოფილდებით და მედლების მოპოვებაზეც ვფიქრობთ“, – ამბობს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ზამთრის სპორტის სახეობების კურატორი:
„საქართველოში ზამთრის სახეობები ვითარდება და სწორედ ეს ფაქტი აძლევს სხვა სახეობებს სტიმულს. ლიცენზიებს სხვა სახეობებშიც ველოდებით და იმედი მაქვს, პეკინის ზამთრის თამაშებზე 9-10 სპორტსმენით გავემგზავრებით“.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის წინა ორ ოლიმპიადაზე, ქართული ოლიმპიური დელეგაცია ხუთი სპორტსმენით წარდგა, ხოლო პეკინი-2022 ისტორიული იქნება – მარტო ფიგურულ ციგურაობაში ექვსი მონაწილე გვეყოლება.
პირველ ოლიმპიურ ლიცენზიებს ალინა ურუშაძე და მორის ყვითელაშვილი, 2021 წლის მარტში, სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე დაეუფლნენ. რამდენიმე დღის წინ კი ობერსდორფში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირზე კიდევ ორი ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვეთ – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ სპორტულ ცეკვებში, ხოლო კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ – სპორტულ წყვილებში.
წინ არის უკვე უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ეტაპი – საწვრთნელი შეკრებები და ოლიმპიადამდე დარჩენილი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრება. პეკინი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.