ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ პიონჩანგში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა მსოფლიოს სპორტის მაღალჩინოსნებთან არაერთი შეხვედრა გამართეს. დღეს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი შეხვდა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) პრეზიდენტს ნენად ლალოვიჩს. შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლალოვიჩს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა და ამ პოსტზე წარმატებები უსურვა.
„გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ და მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა თანამეგობრობამ ასეთი მაღალი ნდობა გამოგიცხადათ, – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, – მიმაჩნია, რომ ეს არის დამსახურებული აღიარება, რომელიც მსოფლიოში ჭიდაობის განვითარებისთვის თქვენს მიერ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს მოჰყვა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჭიდაობის სამყაროსთვის. ახალი თანამდებობა საშუალებას მოგცემთ უფრო მეტი გააკეთოთ ერთ-ერთი უძველესი ოლიმპიური სახეობის – ჭიდაობის შემდგომი წინსვლისთვის.“
UWW-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლერი ხაბელოვს გულითადი მილოცვისთვის, ხაზი გაუსვა მსოფლიოს ჭიდაობაში ქართველ ფალავანთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და გამოთქვა რწმენა, რომ ერთიანი ძალისხმევით სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო წარმატებული გახდება: „მე დიდად ვაფასებ პირად მეგობრობას თქვენთან და საქმიან ურთიერთობას საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან. გულწრფელად გეტყვით, რომ ამაყი ვარ IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევით. მე საბჭოში წარმოვადგენ არა მარტო ჭიდაობას, არამედ ზაფხულის ყველა ოლიმპიურ სახეობას. იმედი მაქვს, რომ ამ რანგში ხელს შევუწყობ ჩვენი საერთო მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.“ – განაცხადა ლალოვიჩმა.
59 წლის ნენად ლალოვიჩი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას 2013 მაისიდან ხელმძღვანელობს, 2015 წლიდან IOC-ის წევრია, 2018 წლის 5 თებერვალს პიონჩანგში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე კი ერთხმად აირჩიეს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. ლალოვიჩი ამ პოსტზე ასარჩევად სპორტის ზაფხულის სახეობათა საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციების ასოციაციიამ (ASOIF) მას შემდეგ წარადგინა, რაც სერბმა ფუნქციონერმა ორრაუნდიან შიდა კონკურსში გაიმარჯვა, სადაც მასთან ერთად კენჭს იყრიდნენ ტრიატლონის საერთაშორისო კავშირისა და ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტები – ესპანელი მარისოლ კასადო და ფრანგი ჟან-კრისტოფ როლანდი.
წყარო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი