ლერი ხაბელოვი - საწვრთნელ შეკრებებს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კანდიდატები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად მყოფმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქართველი ოლიმპიელების მზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში შეზღუდული კონტინგენტი დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარია მხოლოდ ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კანდიდატ სპორტსმენებზე.
„ფედერაციებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აუცილებელია საწვრთნელი შეკრებების განახლება. დაახლოებით 200 სპორტსმენი იყრის თავს და ეს არ არის იმხელა რაოდენობა, რომ ვერ გავაკონტროლოთ. ჩვენ ასევე გავაგზავნეთ წერილი პრემიერმინისტრთან და იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება. საუბარია ლიცენზიის კანდიდატ სპორტსმენებზე. ჩვენი ვარაუდით, ტოკიოში 30-35 სპორტსმენი გვეყოლება. რვა ლიცენზია უკვე მოპოვებული გვაქვს, დანარჩენი კი მოსაპოვებელია“, – განაცხადა ხაბელოვმა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მიმდინარე წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მოხდა მისი გადადება 2021 წლისთვის.