ლერი აბულაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლერი აბულაძე წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის (დიდებში) ვიცეჩემპიონია.
დღესვე ტურნირზე თემურ ჭკუასელიძე (87კგ) და ნიკოლოზ ჭიკაიძე (77კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც ხეცურიანმა, რიკაძემ და ფრიდონ აბულაძემ ნახევარფინალში იჭიდავეს.
ფინალში გასასვლელად დამაჯერებლად იასპარეზა აივენგო რიკაძემ, რომელმაც ირანელი მოჰამედ ნაგოუსი ანგარიშით 5:3 დაამარცხა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ტურნირის ნახევარფინალში გასული ორი ქართველი სპორტსმენი – ფრიდონ აბულაძე და ჯონი ხეცურიანი ირანელ მოჭიდავეებთან დამარცხდნენ და ხვალ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.