L’Equipe - „ბორდოში“ ინვესტორები არ მივიდნენ და შესაძლოა, გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს, მათ შორის, ზურიკო დავითაშვილიც #1TVSPORT
„ბორდოს“ ხელმძღვანელების იმედი არ გამართლდა, გუნდში ინვესტორები არ მივიდნენ და შესაძლოა, კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს, მათ შორის, ზურიკო დავითაშვილიც, – ინფორმაციას გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
„ბორდოს“ პრეზიდენტი ჟერარ ლოპესი მალე DNCG-ში (მენეჯმენტის კონტროლის ეროვნული დეპარტამენტი – დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შექმნილია საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის (LFP) მიერ და კლუბების ფინანსურ მონიტორინგზეა პასუხისმგებელია) უნდა გამოცხადდეს, მაგრამ მანამდე არცერთი ინვესტორი კლუბში არ მისულა.
„ბორდო“ ინვესტორთან კონტრაქტის 10 იანვრამდე გაფორმებას იმედოვნებდა, სანამ DNCG-ის წინაშე ჟერარ ლოპესი წარდგებოდა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ, წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი, ეს ოპერაცია თებერვლამდე არ განხორციელდება.
საუბარი იყო კლუბის კაპიტალში შესაძლო ინვესტირებაზე. ამის გამო DNCG-მა „ბორდოს“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით 14 დეკემბერს, პირველი მოსმენის დროს გადადო გადაწყვეტილების მიღება. იყო იმედი, რომ ინვესტორთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდებოდა, მაგრამ ჩანაფიქრი უკეთეს შემთხვევაში თებერვლამდე არ განხორციელდება. მოლაპარაკება რამდენიმე ჯგუფთან ამ დრომდე გრძელდება.
ინვესტორების მისვლის მთავარი იდეაა, რომ ბიზნესჯგუფებმა გუნდის მომდევნო სამი ან ოთხი სატრანსფერო „ფანჯარა“ სესხით დააფინანსონ. კლუბის ყოველდღიური ცხოვრება უახლოეს მომავალში არ შეფერხდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ DNCG-მა 10 იანვარს „ბორდოს“ მიმართ შემაკავებელი ზომები მიიღოს.
„ბორდოს“ ამჟამინდელი პრიორიტეტი ხელფასების რესტრუქტურიზაციაა. „ატლანტა იუნაიტედთან“ 1,8 მილიონი ევროს ღირებულების შეთანხმების მიღწევის შემდეგ სტიან გრეგერსენი ამერიკულ კლუბში გადავა. კარგი წინადადების შემთხვევაში კიდევ რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებენ – ალბერტ ელისს, ზურიკო დავითაშვილს, მალკოლმ ბოკელეს ან თუნდაც დანილო იგნატენკოს“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.
ამ დროისთვის „ბორდო“ საფრანგეთის ლიგაში მე-13 ადგილზეა. გუნდი მომდევნო შეხვედრას შაბათს საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „სანუასთან“ გასვლაზე გამართავს.