ლექსო თოფურია - ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელები ნაკრებში მოხვედრას დღესაც იმსახურებენ
თბილისის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის დანიშვნა დადებითად შეაფასა და მას ეროვნული ლიგიდან მოთამაშეთა დაწინაურების იმედი დაუკავშირა.
„კარგი არჩევანია ფრანგი სპეციალისტის დანიშვნა, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული საფეხბურთო კარიერა და სამწვრთნელო გამოცდილება. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მწვრთნელი გაამართლებს და ფეხბურთელების შერჩევისას სწორ პრინციპებს დანერგავს“, – ამბობს ლექსო თოფურია.
თბილისის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტის აზრით, ნაკრებისთვის სასარგებლო მოთამაშეები ეროვნულ ლიგაში ახლაც თამაშობენ: „ჩვენ ვამბობთ, რომ ძლიერი ეროვნული ნაკრები ძლიერი ეროვნული ლიგის გარეშე ვერ გვეყოლება. ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს ნაკრებში მოხვედრის იმედი არ უნდა მოვუსპოთ. მე მგონია, რომ ბევრი მათგანი ნაკრებში მოხვედრას შანსს დღესაც იმსახურებს, რომ ეროვნულ გუნდში თავი წარმოაჩინოს“.