ლექსო თოფურია - ჩვენები კარგ მოედნებზე გაცილებით სწრაფად თამაშობენ, ამიტომ ასეთი საფარი ეროვნულ ლიგაშიც გვჭირდება
ესპანური შეკრების დასრულების შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში მინდვრების ხარისხსა და ჩემპიონატის დონის გაზრდაში ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„ესპანეთში ისეთი ხარისხის მოედნებზე ვვარჯიშობთ, როგორიც დღეს ეროვნულ ლიგას სჭირდება, თამაშის ხარისხი რომ ავამაღლოთ. შეკრებაზე რუსულ კლუბებთან თამაშმაც დაგვანახა, რომ ასეთ პირობებსა და მოედნებზე ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით უფრო სწრაფად თამაშობენ, ვიდრე ეს ეროვნული ლიგის თამაშებშია შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის ინვესტიცია გაკეთდეს. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები, კარგ მოედნებზე უნდა თამაშობდნენ. მიმაჩნია, რომ მარბელას მსგავს მოედანზე თამაშის საშუალება გუნდებს მინიმუმ ეროვნული ლიგის თამაშებში უნდა ჰქონდეთ. ეს ეროვნული ლიგის ხარისხის ასამაღლებლად გადამწყვეტი მომენტია“, – განაცხადა ლექსო თოფურიამ.
„ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა გუნდის საგურამოს ბაზის განახლებაზეც ისაუბრა: „ახლა, საგურამოს ბაზის მოედნებს ვასვენებთ და თბილისის ზღვაზე ვვარჯიშობთ, რისთვისაც მადლობა „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობას. საგურამოში აპრილში ან მაისში დავბრუნდებით. იქ გასახდელების კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობს და სარეაბილიტაციო კუთხის მოწყობაც გვსურს. ექსპერიმენტის ჩატარება გვსურს, რომ 50X30-მეტრიან მინი-მოედანი მოვაწყოთ, რომელიც მარბელას მოედნების ხარისხის იქნება. ესპანეთიდან მოგვაქვს ბალახის თესლი, საგურამოს პირობებს რომ მოვარგოთ. ბუნებრივია, ჩვენთან სხვა კლიმატია და ამის გათვალისწინებით, კონკრეტული ნაზავი გვირჩიეს. ვეცდებით, სამაგალითო პატარა მოედანი გავაკეთოთ და თუ მარბელას მოედნების მსგავსს ხარისხს მივაღწევთ, ფეხბურთის მესვეურებს დავანახებთ, რომ ასეთ მოედნებზე ეროვნული ლიგის თამაშები მაინც უნდა ჩავატაროთ“.