ლეონიდ სლუცკი - შესაძლოა, კვარაცხელია მოედანს სეზონის ბოლომდე დაუბრუნდეს, მერე კი 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში გადავა #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკიმ არ გამორიცხა, რომ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში კვლავ ითამაშებს, – ამის შესახებ ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა კლუბის პრეს-სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ხვიჩას MRT (მაგნიტორეზო-რეზონანსული ტომპოგრაფია) გადაუღეს. ყოველთვის ძალიან რთულია კატეგორიულად ისაუბრო იმაზე, თუ რა და როგორ მოხდება. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ კვარაცხელიას აქვს შანსი სეზონის ბოლომდე კიდევ ითამაშოს“, – თქვა სლუცკიმ.
მან საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე საინტერესო განცხადებები „ტატარსტან24“-თან ინტერვიუშიც გააკეთა, სადაც კომენტარი სთხოვეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, „მატჩ ტვ“-ს ეთერში გასულ ფილმში მის ნათქვამზე, რომ ის ზაფხულში გუნდს 100%-ით დატოვებს.
„მე მწვრთნელი ვარ და მიმაჩნია, რომ ხვიჩა თავისი ყველა ძირითადი საფეხბურთო მახასიათებლებით ტოპ-5 ლიგის მოთამაშის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუ იტალიას, ესპანეთს, ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას გადავდებთ, ის ყველა იმ გუნდის მაჩვენებელში ჯდება, რომელსაც მსოფლიოში ყველა მწვრთნელი და სკაუტების ანალიტიკური განყოფილებები უყურებენ. მე მხოლოდ ვმსჯელობ, თუ ისინი კვარაცხელიას არ იყიდიან, მაშინ აბა ამ გუნდებმა ვინ უნდა შეიძინონ? მე ლოგიკით, ხვიჩას უნარის დონით და ბაზრის რეალობით ვხელმძღვანელობ“, – ამტკიცებს სლუცკი.
ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, ქართველი თავდამსხმელი რუსეთის ჩემპიონატისთვის გადაიზარდა.
„ყველა ბოსტნეულს ან ხილს დამწიფების დრო აქვს, არწივს კი ჩიტის გალიაში ვერ გამოვამწყვდევთ. თუ ადამიანი ნამდვილად გადაიზარდა და შეუძლია ფუნდამენტურად განსხვავებულ საფეხბურთო დონეზე და ლიგაში კონკურენტუნარიანი გახდეს, მაშინ სინანულიც დაგვეუფლება და მეორეს მხრივ – უზომო სიამაყე. ჩვენ მოვახერხეთ მოგვემზადებინა ადამიანი, რომელიც, იმედი მაქვს, ევროპის წამყვან გუნდებში სუპერ კონკურენტუნარიანი იქნება“.