ლეონიდ სლუცკი - „რუბინს“ კვარაცხელია-დესპოტოვიჩის გარეშე ძალიან უჭირს #1TVSPORT
ყაზანის კლუბ „რუბინის“ წამყვანი ფეხბურთელების – ხვიჩა კვარაცხელიას და ჯორჯე დესპოტოვიჩის არყოფნა ცუდად მოქმედებს გუნდის თამაშზე. ამის შესახებ რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში „ხიმკისთან“ ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა.
„როდესაც გუნდი თავის ორ საუკეთესო შემტევ ფეხბურთელს კარგავს, ძირითად თავდამსხმელს და ყველაზე შთამბეჭდავ გარემარბს, ცხადია, რომ ხარისხს ვკარგავთ. სპეციალისტობა არ სჭირდება ამის მიხვედრას – როდესაც არ გყავს მთავარი თავდამსხმელი, რომელიც ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა, მის გარეშე ძალიან ძნელია“, – თქვა „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა.
სლუცკიმ ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელიასა და დესპოტოვიჩის მომჯობინების დრო ჯერ კიდევ უცნობია:
„ჯერ ვერ გიპასუხებთ, ისინი მოედანზე როდის დაბრუნდებიან. რომ ვიცოდე, ვიტყოდი კიდეც. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია არ მაქვს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია, „რუბინის“ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, განაცხადიდან ტრავმის გამო ამოიღეს. თუმცა, ვილი სანიოლიმ ხვიჩა საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახა.