ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველივე შეხვედრაში გაიტანა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყაზანის „რუბინსა“ და ბელგრადის „პარტიზანს“ შორის (5:2) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა.
56-ე წუთზე იგი გამოცვალეს, რადგან ფეხი იტკინა და შეცვლა თავად მოითხოვა.
საბედნიეროდ, ხვიჩას სერიოზული არაფერი სჭირს. ამის შესახებ „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
„საკონტროლო შეხვედრებში ყველა მოთამაშის შეცვლა წინასწარ დავგეგმე. კვარაცხელიას შეცვლა უფრო მოგვიანებით მსურდა, მაგრამ მან მცირე დაზიანება მიიღო და შეცვლა დაგეგმილზე ათი წუთით ადრე მოითხოვა“, – ამბობს სლუცკი.
თურქულ შეკრებაზე „რუბინი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 24 იანვარს რუსეთის პრემიერლიგის „სოჭისთან“ გამართავს.