ყაზანის „რუბინი“ 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში „როსტოვს“ მიიღებს, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება და მოგების შემთხვევაში გადაუსწრებს.
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „როსტოვთან“ მატჩამდე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ილაპარაკა.
„„როსტოვი“, სერიოზული საკადრო ცვლილებების მიუხედავად, კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან გუნდად ჩვენს ქვეყანაში. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა შევეცადოთ მაქსიმალურად დავაბალანსოთ ჩვენი გუნდი. არ დავმალავ, საკადრო პრობლემები ჩვენც გვაქვს, რადგან მოთამაშეებს კორონავირუსი დაუფიქსირდათ. ყველა ეს ტესტი გამოვლენილია ეროვნულ ნაკრებებში მათი ყოფნის დროს. იინგ ბომს მინიმალური სიმპტომები აქვს, კვარაცხელია ცოტა მეტ სირთულეს წააწყდა – ხვიჩას რამდენიმე დღის განმავლობაში სიცხე ჰქონდა. ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს, მათ დაავადების ნიშნები არ აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო პროცედურა დაიცვან“, – თქვა სლუცკიმ საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი საქართველოს ნაკრების შეკრებისას დაუდგინეს. სამწუხაროდ, მას ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრამდე, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალამდე შეემთხვა. 19 წლის ფეხბურთელი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა და ერთა ლიგის C2 ჯგუფის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, ვირუსი აღმოაჩნდა „რუბინის“ ფიზიოთერაპევტს, რომელიც ფეხბურთელებთან პირბადის გარეშე მუშაობდა.