ლეონიდ სლუცკი - კვარაცხელია გადაღლილია და „კრილიასთან“ მატჩი ძირითადში ამიტომ არ დაიწყო #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკი - კვარაცხელია გადაღლილია და „კრილიასთან“ მატჩი ძირითადში ამიტომ არ დაიწყო #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის გუნდის ძირითად შემადგენლობაში რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში „კრილია სოვეტოვთან“ (1:1).

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე სეად ჰაკშაბანოვიჩის ნაცვლად გავიდა.

„ჩვენ შევეცადეთ ყველაფერი გაგვეკეთებინა სამედიცინო და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, რათა კონფერენს ლიგაზე „რაკუვთან“ თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ძალები აღედგინათ. კვარაცხელიას, ევტიჩისა და იგნატიევის არყოფნა ასოცირდება თითოეული მოთამაშის ამჟამინდელ მდგომარეობასთან. 120-წუთიანი თამაში ხუთშაბათს და უცებ კვირას ჩემპიონატის შეხვედრა – ეს ძალიან რთული რეჟიმია. ამიტომ, შემადგენლობაში ცვლილებები ფეხბურთელების ჯანმრთელობისა და სამედიცინო მითითებების საფუძველზე ხდება“, – განაცხადა სლუცკიმ.

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა კონკრეტულად ქართველზეც გაამახვილა ყურადღება.

„რატომ დარჩა ხვიჩა თადარიგში? აშკარა იყო, რომ დღეს ის ძალიან გამოფიტული და დაღლილი გამოვიდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამ რეჟიმში თამაშს უბრალოდ ვერ გაუძლო. მატჩი ყოველ მეორე-მესამე დღეს, თანაც ასეთ რთულ მოედანზე, როდესაც ფეხებში დაუსრულებლად ურტყამენ და მას დიდ ყურადღებას აქცევენ, შეუძლებელია“.