ლეონიდ სლუცკი - ჯერ გაურკვეველია, ბოლო ტურში „რუბინს“ კვარაცხელია დაეხმარება თუ არა #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკის თქმით, ჯერ არ იცის, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ვოლგოგრადის „როტორთან“ ითამაშებს თუ არა.
ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, რატომ არ იყო 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ტულის „არსენალთან“ განაცხადში და ამჟამად რა მდგომარეობაშია.
„რადგან ახლა ხვიჩა არ იყო განაცხადში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო. სეზონის ბოლო მატჩში უნდა ელოდოთ თუ არა ხვიჩას დაბრუნებას, ამაზეც ჯერ ვერაფერს ვამბობ, დაველოდოთ“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.
რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო მატჩში ყაზანის „რუბინი“ ვოლგოგრადის „როტორთან“ ითამაშებს. გამარჯვების შემთხვევაში, ყაზანური გუნდი მინიმუმ მეოთხე ადგილზე დარჩება და ევროსარბიელზე დაბრუნებას შეძლებს. მატჩი 16 მაისს ყაზანში გაიმართება.