„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო თვლის, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აღარ უნდა იფიქროს. მისი სიტყვებით, „პსჟ“-ს ახლა სიწყნარე სჭირდება.
„ყველაზე მთავარია, გავაგრძელოთ ზრდა, ავიდეთ საუკეთესოების დონეზე და იქ დავრჩეთ“, – ციტირებს „პარიზიენი“ (Le Parisien) ლეონარდოს, – „ბოლო წლებში პარიზელების მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ახალ სეზონზე უნდა გავჩერდეთ და ცოტა დავისვენოთ. „პსჟ“-ს სიმშვიდე სჭირდება. მოვიდა დრო, რაღაც ძალიან ძლიერი შევქმნათ. შესაძლოა, ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადავდგათ, რომ მერე ათით წინ წავიდეთ. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, წარუმატებლობის არ უნდა გვეშინოდეს“.
გასულ წელს პარიზული გრანდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა ქვეყნის თასის ფინალში „რენთან“ პენალტების სერიაში დათმო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში წააგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“.