ლენდლმა ფედერერის, ნადალისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირებაზე ისაუბრა
ლენდლმა ფედერერის, ნადალისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირებაზე ისაუბრა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, „დიდი სლემის“ ტურნირების რვაგზის გამარჯვებულმა ივან ლენდლმა, ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელის ტიტულისთვის ბრძოლის თაობაზე კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, საბოლოოდ საუკეთესო არა თამაშის ხარისხით, არამედ შედეგებით ვლინდება.

„ნოვაკი, რაფა და როჯერი ერთმანეთში არკვევენ, თუ ვინ იქნება ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. მათი დაპირისპირება ჯერ არ დამთავრებულა, წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველოდება. ამჟამად ფედერერი „დიდი სლემის” ტურნირებზე გამარჯვებებით პირველ ადგილზეა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ბრძოლა დასრულდება მაშინ, როცა სამივე ჩოგბურთელი კარიერას დაასრულებს. პოპულარობა – მედლის ერთი მხარეა, მაგრამ გულშემატკივართა აზრი სპორტულ შედეგებს ვერ გაზომავს. ყველაფერი წინაა, რისი დამადასტურებელიც შარშანდელი „უიმბლდონის“ ფინალია. ფედერერის გამარჯვების შემთხვევაში, მას 21 „დიდი სლემი“ ექნებოდა, ხოლო ნოვაკს – 16. ამჟამად კი მათ შორის სხვაობა სამი ტიტულია, რაც ძალიან დიდი სხვაობა არ არის“ – დაასრულა ლენდლმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კოვიდ19-ის გამო „უიმბლდონის“ 2020 წლის გათამაშება საერთოდ გაუქმდა, ხოლო საფრანგეთის ღია ჩემპიონატის დაწყების შესაძლო თარიღად სექტემბერი სახელდება.

ჯერჯერობით ამერიკის ღია ჩემპიონატის ჩატარების ვადებიც გაურკვეველია.