ლემბის ბოლო წამზე ცენტრიდან ჩაგდებული ბურთი - „შარლოტმა“ „ტორონტოში“ მოიგო
ლემბის ბოლო წამზე ცენტრიდან ჩაგდებული ბურთი - „შარლოტმა“ „ტორონტოში“ მოიგო

საოცარი და არარეალური ბურთი ჩააგდო ჯერემი ლემბმა უკანასკნელ წამზე „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. სწორედ ამ ტყორცნის შედეგად დაამარცხა „შარლოტ ჰორნეტსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი. სტუმრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე შარლოტელები 12 ქულას იგებდნენ, თუმცა პასკალ სიაკამის, კავაი ლეონარდის და დენი გრინის კარგი თამაშის წყალობით, კანადურმა კლუბმა აღნიშნული ჩამორჩენა აღმოფხვრა და სამი წამით ადრე წინ გასვლაც შეძლო, მაგრამ ეს ძალისხმევა ლემბის მიერ ჩაგდებულმა ბურთმა მასპინძლებს წყალში ჩაუყარა და შოკში ჩააგდო. „ჰორნეტსმა“ პრინციპული გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 115:114. ჯეიმს ბორეგოს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციიდან პლეიოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.


მორიგი მატჩი წააგო „დეტროიტ პისტონსმა“. ზაზა ფაჩულია თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა, რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. ქართველმა კალათბურთელმა „გოლდენ სტეიტთან“ გამართულ შეხვედრაში 13:44 წუთში 4 ქულა, 4 გადაცემა  და 2 მოხსნა გააკეთა.

მოქმედმა ჩემპიონმა „დალასთან“ სამარცხვინო წაგების შემდეგ (91-126), ნაწილობრივ შეძლო რეაბილიტაცია და „პისტონსი“ ანგარიშით 121:114 დაამარცხა. ოკლენდელებს სტეფ კარიმ ულიდერა 26 ქულით. „უორიორსი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა „დენვერთან“ შედარებით, ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. „დეტროიტი“ აღმოსავლეთში მეშვიდე ადგილზეა და თუ წარუმატებელი სერია გააგრძელა, შესაძლოა საპლეიოფო ზონაში ადგილი დაკარგოს. მომდევნო ტურში დუეინ კეისის გუნდი „დენვერ ნაგეტსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.