„ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით გამოქვეყნებული დასკვნები გაითვალისწინოს
პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ წევრები ითხოვენ, სასამართლომ გაითვალისწინოს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით გამოქვეყნებული დასკვნები. „ლელო საქართველოს“ წევრებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს სახალხო დამცველისა და ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დასკვნები, სადაც მითითებულია, რომ საქმეში არ არის იმის დამადასტურებელი მასალა, რასაც ბრალდების მხარე ამ სამ პირს ედავება. საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასა და ამ პროცესში დახმარებაზე.
„საზოგადოებისთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ჩვენს წინაშე არსებობს შეთქმულება, რომლის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი და შემსრულებლები არიან პროკურატურა და „ქართული ოცნების“ ე.წ. ცნობადი სახეები.
პროკურატურა იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს თაღლითობას, თვალთმაქცურ დანაშაულს, თვითონ არის დანაშაულებრივი სქემის ნაწილი, თაღლითობის და თვალთმაქცობის გზით ასრულებს დავალებას. ყოფილი გენერალური პროკურორი, ე.წ. უდიპლომო თადუმაძე ჩვენ წინააღმდეგ წარმოებულ ბრალზე ხელის მოწერით უზენაეს სასამართლოში უვადო განწესებით დაჯილდოვდა.
სამწუხაროა, რომ ეს დანაშაული ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას, ანგრევს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს. ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციამ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ შეისწავლა ის საქმე, რომელსაც ჩვენ გვედავება პროკურატურა და მათ ცალსახა დასკვნა გააკეთეს, რომ იმ საქმეში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ამჯერად, უკვე კონსტიტუციურმა ორგანომ – სახალხო დამცველის ინსტიტუტმა შეისწავლა იგივე საქმე და მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, არანაირი საფუძველი არ გააჩნია ამ ბრალდებას. ამ დასკვნის თანახმად, ეს არის ყოვლად უსაფუძვლო მოგონილი ბრალდება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის შეთქმულების ნაწილი, რომლის შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დასკვნები უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ და ამ დასკვნებში პუნქტები საკუთარ გადაწყვეტილებაში ასახოს. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება პოლიტიკურია.
9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს ბრალდების საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ საკვანძო კითხვის ნიშნებს, რომელზე მსჯელობასაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს.