„ლეხში“ 2025 წლამდე - კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„ლეხში“ 2025 წლამდე - კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მან პოლონეთის ჩემპიონთან ხელშეკრულება მესამედ გააფორმა – ამჯერად, 2025 წლის 30 ივნისამდე.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი პოზნანის კლუბში 2021 წლის იანვრის ბოლოს ჩაირიცხა. ყაზახური კლუბის, კოსტანაის „ტობოლიდან“ წამოსვლის შემდეგ, ერთი თვე 30 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი იყო. მან პირველად ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„რამდენიმე თვის შემდეგ ორივე მხარე დაჯდა სასაუბროდ და ძალიან სწრაფად მიაღწიეს შეთანხმებას. მეტიც, კვეკვე, როგორც მას კოლეგები ეძახიან (ეს ფსევდონიმი მის მაისურზეც წერია) თავიდანვე კარგად გრძნობდა თავს პოზნანში ოჯახთან ერთად. კვეკვესკირმა „ლეხში“ 74 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის 53 მატჩი პოლონეთის ჩემპიონატში, ევროტურნირებზე – 10 მატჩი და 3 ლამაზი გოლი გაიტანა, ყველა შორიდან დარტყმით“, – წერს „ლეხის“ პრესსამსახური.

კომენტარი გააკეთა პოზნანის „ლეხის“ სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასამ:

„მოქმედი კონტრაქტი ძალაშია 2023 წლის 30 ივნისამდე და გაგრძელდება ორი წლით. ნიკა ჩვენთან კონტრაქტს მესამედ აფორმებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორივე მხარე ბედნიერი ვართ. ასევე მეტყველებს იმაზეც, რომ კვეკვესკირს კარგი კავშირი აქვს კლუბთან და ქალაქთან, ის ჩვენთან თავს მშვენივრად გრძნობს“.

ტომაშ რზასამ ქართველის სპორტულ თვისებეზეც ისაუბრა: 

„ნიკამ არაერთხელ დაგვანახა, რომ მასზე დაყრდნობა შეგვიძლია, რადგან საჭირო თვისებები აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ის ნახევარდაცვაში ადგილისთვის იესპერ კარლსტრემთან და რადოსლავ მურავსკისთან კონკურენციას გააგრძელებს. ხედავთ, რომ ეს სამივეზე კარგად მოქმედებს, სამწვრთნელო შტაბსაც საქმე ასარჩევად აქვს და სასურველი დონის ნახევარდაცვა გვყავს“.