„ლეხის“ მწვრთნელმა ბათუმელებთან მატჩამდე პრობლემები არ დამალა - რთულია, ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ თამაში #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე პოზნანის „ლეხის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა პრესკონფერენციაზე გუნდის საკადრო პრობლემებზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე თამაშზე.
„კლუბში ბევრი მაღალი ხარისხის ფეხბურთელი დამხვდა და ამ შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მაკმაყოფილებს, არის ტრავმირებულთა დიდი რაოდენობა, თანაც – საკვანძო პოზიციებზე. ფლანგზე იაკუბ კამინსკი დავკარგეთ, მაგრამ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი პოტენციალი, ეს პრობლემები რომ მოვაგვართ“, – განაცხადა ჯონ ვან დენ ბრომმა.
„ლეხის“ მწვრთნელმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გუნდში შექმნილ ფსიქოლოგიური პრობლემებიც არ დამალა:
„გაძლიერება ერთია, მაგრამ პოზნანელებმა ჯერ მორალური ძალა უნდა აღადგინონ, რაც ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ადვილი არ იქნება. როგორც მწვრთნელს, ცოტა რამის გაკეთება შემიძლია. მე შემიძლია მოთამაშეებს დასვენების დღე მივცე, რომ იფიქრონ, ისაუბრონ ან შეცდომები გაანალიზონ. თუმცა, ამაზე ფოკუსირების დიდი დრო არ გვაქვს. ამიტომ გადავდეთ პოლონეთის ჩემპიონატის მატჩი „ლეგნიცასთან“. ახლა გვსურს, ყურადღება ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე გავამახვილოთ“.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პოზნანის „ლეხსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის ხუთშაბათს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.